საკადრო ცვლილებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახარიას ნაცვლად, ქუმსიშვილი იქნება

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროები უერთდება, რომლის მინისტრიც დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. 

ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. 

"თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მეტად მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ, ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის,"- ამბობს პრემიერმინისტრი. 

მისივე თქმით, ქუმსიშვილი პირველი ვიცეპრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილი - ფინანსთა მინისტრი. 

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს.

კომენტარები