საკადრო ცვლილებები

ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, რომელიც განათლების სამინისტროში ჯეჯელავას ჩაანაცვლებს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის ნაწილი უერთდება, ხოლო ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა და მას ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. 

მიხეილ ჩხენკელი თსუ-ის პრორექტორად 2016 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე თსუ-ის მოქმედმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შეარჩია, რომელიც თავად რექტორად არჩევამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. შარვაშიძის რექტორობას უნივერსიტეტში დიდი ხმაური მოჰყვა, რადგან სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის უნივერსიტეტის მმართველად დანიშვნა მის ავტონომიურობას საფრთხეს შეუქმნიდა. 

პროფესორ მიხეილ ჩხენკელს დამთავრებული აქვს თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტი. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მათემატიკაში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა კიდეც. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ერთერთი დამფუძნებელია, სადაც სრული პროფესორის ხარისხით ასწავლიდა და სხვადასხვა დროს იკავებდა ინფორმატიკისა და ინჟინერიის დეკანისა და უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტის პოსტებს. 

კომენტარები