სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა, განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქმიანობა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა და განათლების ახალ მინისტრებთან შეხვედრაზე თქვა.

"სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია" - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "განათლების სფერო, მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". მან განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უთხრა, რომ სურს, მისი გამოცდილება ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ" - მიმართა პრემიერმა განათლების მინისტრს.

თავის მხრივ, მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.

"მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურო, როგორც ეს ასახულია მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში" - თქვა განათლების ახალმა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. 2017 წლიდან ის ასევე დაინიშნა ვიცე-პრემიერად.

კომენტარები