სამთავრობო ცვლილებები

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

0 კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია შსს მინისტრი, დიმიტრი ქუსმიშვილი ეკონომიკის მინისტრი, მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კი განათლების მინისტრი გახდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. 

ახალ მინისტრებს რამდენიმე კვირის შემდეგ პარლამენტის ხელახალი კენჭისყრა მაინც დასჭირდება, რისი მიზეზიც სტრუქტურული ცვლილებებია. ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. ამ ცვლილებას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება.

რომელი სამინისტროები ერთდებიან:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია - თუ არსებობს წინასწარი გათვლები, რა საბიუჯეტო რესურსი შეიძლება დაიზოგოს სამინისტროების შერწყმით. უწყების პასუხის მიხედვით, ცვლილების ერთ-ერთი დადებითი შედეგი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება იქნება, თუმცა ამ დროისთვის, უწყებას შემცირების ზუსტი მაჩვენებლის დასახელება არ შეუძლია.

"ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც სტრუქტურულ, ასევე, საკადრო ოპტიმიზაციას. ცვლილებების ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი უდნა იყოს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია. სამთავრობო ცვლილებებით დაგეგმილი სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყებებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის და რეორგანიზაციის შემდეგ, იმის მიხედვით როგორ განაწილდება სტრუქტურა და განისაზღვრება უკვე კონკრეტული ფუნქციები, ცნობილი გახდება ზუსტი გათვლები და მოხდება შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტებში. მოსალოდნელია, რომ სამინისტროებში შენარჩუნდება პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები და ძირითადად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები", - პასუხობენ სამინისტროში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტრამპი რეპორტიორების შვილებს: ვერ ვიჯერებ, რომ მედიამ ასეთი კარგი ბავშვები შექმნა

კომენტარები