თამბაქო

თამბაქოს ინდუსტრიამ 309 მილიონი აქციზური მარკა იყიდა, რაც წინა წელზე 14%-ით ნაკლებია

Reuters

2017 წლის 9 თვეში საქართველოში თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა 309.1 მილიონი აქციზური მარკა შეიძინეს (ერთი აქციზური მარკა ერთ კოლოფს აღნიშნავს), რის შესახებაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის პერიოდთან, ანუ 353 მილიონი აქციზურ მარკასთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.

იმის მიუხედავად, რომ თამბაქოს მწარმოებლების მიერ შეძენილი აქციზური მარკები პირდაპირ არ აღნიშნავს გაყიდული სიგარეტის კოლოფების რაოდენობას, ის მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მაინც იძლევა. სავარაუდოდ, აღნიშნული შემცირება აქციზის გაძვირებას უკავშირდება.

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზზე კი 150%-ით არის გაზრდილი.

თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილი აქციზის გადასახადი ძალაში 2017 წლის პირველ იანვარს შევიდა. გაძვირებამდე ფილტრიანი სიგარეტის კოლოფზე აქციზური მარკის ღირებულება 90 თეთრი იყო, გაძვირების შემდეგ კი აქციზი 1.7 ლარი გახდა.

პარლამენტმა 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით 2022 წლამდე გადაავადა თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შემოღების ვალდებულება. პარლამენტის მიღებული კანონის პირვანდელი ვერსიით თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

მაისში პარლამენტმა მხარი დაუჭირა გუგული მაღრაძის კანონპროექტს, რომლითაც 2018 წლის პირველი იანვრიდან იკრძალებოდა თამბაქოს ღერებსა და მის შეფუთვაზე ნებისმიერი ტიპის ბრენდული ნიშნის დატანა, რის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდებოდა.

კომენტარები