მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 000 ლარი შესწირა

საქართველოს რკინიგზა

ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2012 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 20 000 ლარი გადარიცხა. 2012 წლის 2 აგვისტოს განხორციელებული შემოწირულობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტიდან ირკვევა. 

ბახტაძე ფინანსთა მინისტრად გუშინ დაინიშნა, იქამდე ის საქართველოს რკინიგზის დირექტორი იყო (საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის რკინიგზის დირექტორის პოსტს ახლაც იკავებს). 

ბახტაძის შედეგები რკინიგზაში

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა განახევრდა. 

რკინიგზის ტვირთბრუნვა ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა
  • 2017 წლის 7 თვე - 6.1 მილიონი ტონა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლები)

გადაზიდვების შემცირების გამო 2017 წლის 3 ოქტომბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შეამცირა. Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა. 

მამუკა ბახტაძე რკინიგზას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართავს. ბახტაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მან გასული წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 1 064 266 ლარი გამოიმუშავა. 

საინტერესოა, რომ ბახტაძე ხელფასს უშუალოდ რკინიგზასთან ერთად რკინიგზის კუთვნილი ორი საწარმოდან, შპს ჯორჯია ტრანზიტი და GR ტრანზიტ ლაინიდანაც იღებდა. ამ კომპანიებიდან მიღებული ანაზღაურება 236 952 ლარია, რკინიგზაში აღებული ხელფასი კი 827 313 ლარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის უტას მეგობარია. მისი კანდიდატურა ადრე პრემიერმინისტრის პოსტზეც განიხილებოდა, 2013 წლის 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის "კარგი ბიჭია." 

კომენტარები