ჰომოფობია

არა ფობიას: ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გაძლიერება შემაშფოთებელია

რუსთავი 2

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის "ვიტესის" კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით თამაშს მოჰყვა.  

"არა ფობიას" აღნიშნავს, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის აღიარებას ემსახურება. ამის მიუხედავად, მის მონაწილეობას აღნიშნულ კამპანიაში ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ნაწილის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები კი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ისედაც გაძლიერებულ ჰომოფობიურ განწყობებს საქართველოში.       

"საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ლგბტ ადამიანები არიან საზოგადოების თანასწორი წევრები და მათ თანასწორი უფლებები გააჩნიათ. მათი უფლებების აღიარება და დაცვა არა პროპაგანდა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსების მიერ ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრისას რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ტერმინის “ლგბტ პროპაგანდის” გამოყენება. 

ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება პოლიტიკოსების და მით უმეტეს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ  ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია", - აღნიშნავენ ორგანიზაციები. 

"არა ფობიას" აზრების და იდეების გავრცელებაში პოლიტიკოსებისა და მედიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ თავი აარიდონ ისეთი კომენტარების გაკეთებას, რომელიც ​შეუწყნარებლობას წაახალისებს.

"პოლიტიკოსებთან ერთად ტოლერანტული გარემოს დაკვიდრებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს. სწორედ ამის გამოხატულებაა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები (კანონის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები), რომელიც კრძალავს ისეთი პროგრამების გადაცემას, რომელიც ხელს უწყობს შეუწყნარებლობას და დისკრიმინაციას. ამავე მიზნისკენაა მიმართული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა  ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, საჯარო პირებს და მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რათა კიდევ უფრო მეტად არ გამძაფრდეს ჰომოფობიური განწყობები საზოგადოებაში, არ შეილახოს სხვადასხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფი პირების უფლებები და არ მოხდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისება, რაც ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

განცხადებას ხელს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), თანასწორობის მოძრაობა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და კავშირი “საფარი” აწერენ. 

გურამ კაშიამ ვიტესის კაპიტნის რანგში ლგბტ სამკლავურით რამდენიმე კვირის წინ ითამაშა. "ქართული მარში", რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, ამ ფაქტმა გააღიზიანა. მათ კაშიას საქართველოს ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვეს. გუშინ კი ქუთაისში, სადაც საქართველო-ბელორუსის ამხანაგური მატჩი გაიმართა, "მარშის" წევრები და მომხრეები სტადიონზე შეიჭრნენ და ლგბტ დროშა დაწვეს, კაშიას მიმართ სკანდირებდნენ შეურაცხმყოფელ ტექსტებს, ასევე, შეჭრამდე ააფეთქეს პიროტექნიკაც. 

კაშიას მხარდაჭერა სხვა სპორტსმენებმა, რამდენიმე პოლიტიკოსმა და პრეზიდენტმა გამოუცხადეს, თუმცა, ჰომოფობიური მედია, ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ მხარდაჭერას არ იზიარებს. 

კომენტარები