სამთავრობო ცვლილებები

გიგი უგულავა სამთავრობო ცვლილებებზე: ეს ყველაფერი კეთდება ნაუცბათევად

გიგი უგულავა
ტაბულა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში გუშინ განხორციელებულ სამთავრობო ცვილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად გარედან თავს მოხვეული გადაწყვეტილება იყო. 

"პირველი რეაქცია მქონდა, რომ ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მოგეხსენებათ ეშმაკი დეტალებშია. ის, რაც ვიხილეთ, სულ მცირე ჩემი აზრით, არის არასაკმარისი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არათუ არასაკმარისი, არამედ კონტრპრუდუქტიულია. პირველი, დავიწყოთ როგორი პროცედურით კეთდება ეს ყველაფერი - ეს კეთდება ნაუცბათევად, როგორც ბატონი ნარმანია იტყოდა ფაცი-ფუცით, იმიტომ, რომ წინა დღეს ჩვენ ვნახეთ უმრავლესობა, რომელმაც საერთოდ არ იცოდა რაზე იყო საუბარი და აბსტრაქტულ კომენტარებს აკეთებდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თვითონ გადაყენებული მინისტრების უმრავლესობამაც თავისი ბედის ამბავი გაიგო ნაწილობრივ პრესკონფერენციის დროს ან ცოტა ადრე. პარალელურად ვხედავთ პროცესს, რომ მთავრობას პარლამენტში ბიუჯეტი წარდგენილი აქვს. მეტსაც გეტყვით, რომ ბიუჯეტი უკვე ნამსჯელია და მარტო კენჭისყრა იყო დარჩენილი, ანუ ფორმალობა იმიტომ, რომ ეს უმრავლესობა ცხადია, ყოველგვარი დამატებითი დრტვინვის გარეშე მისცემდნენ ბიუჯეტს ხმას. აქედან გამომდინარე, წინაპირობებს როდესაც ვხედავთ, ბუნებრივი და ლოგიკური დასკვნაა, რომ ეს ყველაფერი ნაუცბადევად მოხდა და ამის მთავარი ინდიკატორი არის ბიუჯეტი - რამდენი იქნება შემცირება, რა რაოდენობის ფული დაიზოგება და ა.შ. ამ საკითხებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ არაფერი დათვლილი არ არის. მინისტრებმაც თქვეს, რომ ჯერ არ იციან და არ არიან მზად ისაუბრონ დეტალებზე. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ გარკვეულწილად გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილება იყო." - თქვა გიგი უგულავამ. 

კომენტარები