საქართველოს მთავრობა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, მინისტრთა კაბინეტი სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განათლების და ფინანსთა ახალ მინისტრებს დაკავებული თანამდებობები მიულოცა.

"მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელს და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა. თუმცა, მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს" - თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა გიორგი მღებრიშვილსა და ალექსანდრე ჯეჯელავას.

"მათ წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს. იმედი მაქვს, დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში" - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. ამ ცვლილებას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება.

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;

კომენტარები