ზიმბაბვე

ზიმბაბვეში, სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალება მოხდა

BBC

ზიმბაბვეში, სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალება მოხდა. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომისთვის ემზადება. ის ასევე ითხოვს, მის ცოლს ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი მუგაბე და მისი დაცვის წევრები მძევლად ჰყავთ აყვანილი. 

ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის წამყვანი მედია, ასევე სააგენტო News 24 ავრცელებს.

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში კი სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები გამოჩნდნენ.

პოლიტიკური ვითარება ზიმბაბვეში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუგაბემ ვიცე პრეზიდენტი, მისი დიდი ხნის მოკავშირე ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი "ღალატის ნიშნები" გახდა. 

ამავე დროს, საზოგადოებამ მნანგაგვას გადაყენება მუგაბეს ცოლის, გრეისის გადაწყვეტილებად აღიქვა, რომელიც პრეზიდენტ ქმარს ვიცე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ ადრეც მოუწოდებდა. გრეის მუგაბე ქმრის შემდეგ ქვეყნის პირველი პირობისთვის ემზადებოდა. 

ზიმბაბვეს მმართველი პარტიამ, Zanu-PF-მ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი დაწერა და სამხედრო გადატრიალება უარყო, თუმცა განაცხადა, რომ ძალაუფლების "უსისხლო გადაცემა" მოხდა. 

თუმცა, მიუხედავად ამ უარყოფისა, BBC-ის კორესპონდენტი შიმგაი ნოიკა ამბობს, რომ ის, რაც ზიმბაბვეში რაც ხდება, სამხედრო გადატრიალების ყველა ელემენტს შეიცავს. 

"იყო სროლა და აფეთქებები მრავალ სხვადასხვა ადგილას მთელი ღამის განმავლობაში იმ ადგილების ჩათვლით, სადაც პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების რეზიდენციებია განლაგებული;

არმიამ თქვა, რომ პრეზიდენტი და მისი ოჯახი უსაფრთხოდაა და ეს უსაფრთხოება გარანტირებულია". 


ფოტო: BBC

რობერტ მუგაბე ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია, ის 93 წლისაა. მიგაბე ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 1987 წლიდან იკავებს, მანამდე, 7 წლის მანძილზე კი ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო. 

მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ არაერთი კრიზისი გამოიარა. მათ შორის, 2008 წელს ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია, მისი მაჩვენებელი 79,600,000,000%-ს აჭარბებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

გასული 7 წლის მანძილზე ქვეყანაში ოფიციალური ვალუტა არ არსებობდა, ფულის მოვალეობას კი ერთდროულად აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენი და სხვა ვალუტები ასრულებდნენ. 

2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ახალი ვალუტა გამოვიდა, თუმცა სინამდვილეში ის ნამდვილი ვალუტა არაა, რადგანაც არაკონვერტირებადია, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ოპერაციებში მისი გამოყენება შეუძლებელია.

კომენტარები