ლარის გაუფასურება

3.19 - ევროს ღირებულების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დადგინდა

Reuters

ეროვნული ვალუტა 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ევროსთან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.192 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 4.8 თეთრით მეტია.

დღესვე ლარი დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.695 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.2 თეთრით მეტია.

ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის შემთხვევაში პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს. 

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას. მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სებ-ის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება არა ფუნდამენტურმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, არამედ საბაზრო მოლოდინებმა გამოიწვია. რადგანაც საგადასახდელო ბალანსზე მოქმედ ფაქტორებში, როგორიცაა ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი წელს ზრდა შეიმჩნევა.

"ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან", - ამბობს მესტვირიშვილი. 

კომენტარები