ტექდათვალიერება

იანვრიდან ტექდათვალიერება იმ მანქანებს შეეხება, რომლებსაც შემოწმება დღესაც ეხებათ

Bayram Isgandarov / newscafe.ge

2018 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება დაეკისრებათ ავტომობილებს, რომლებსაც 8 მგზავრზე მეტი გადაჰყავთ და რომელთა მასაც 3.5 ტონას აღემატება, თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული ავტომობილები შემოწმების გავლას დღესაც ექვემდებარებიან.

ეკონომიკის სამინისტრო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონიდან ითხოვს იმ მუხლის ამოღებას, რომლის მიხედვითაც მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. სამინისტროს განმარტებით, თუ ეს მუხლი აღნიშნული რედაქციით დარჩებოდა მის შედეგად, პოლიციას პრაქტიკულად ყველა ავტომობილისთვის შეეძლო ჯარიმის გამოწერა.

"არსებულ კანონში არის მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც ბოლო ვადად იყო განსაზღვრული 2017 წლის 31 დეკემბერი, ეს მუხლი, რომ ამ რედაქციით დარჩენილიყო გამოიწვევდა, რომ პირველ იანვარს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაჯარიმებულიყო, ვისაც დათვალიერება არ ექნებოდა გავლილი",- პარლამენტში განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

როდის ამოქმედდება ტექდათვალიერების ვალდებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის:

ჩერქეზიშვილის თქმით, მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს 2-წლიან გრაფის, რომელშიც იქნება განსაზღვრული თუ რა ტიპის ავტომობილებს როდის მოუწევთ დათვალიერების გავლა. პროექტის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავტოსატრანსპორტო და მისაბმელ საშუალებას მოუწევს გზისთვის ვარგისობაზე შემოწმების გავლა.

"ვადები არ გადაიწევს, 2-წლიანი გრაფიკი არის გაკეთებული. მთავრობის დადგენილებით იქმნება 2-წლიანი გრაფიკი ავტომობილების კატეგორიების მიხედვით და 2 წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ, რომ სრულად მოვიცვათ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება", - ამბობს ჩერქეზიშვილი.

ამ დროისთვის კვლავ უცნობია ის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ავტომობილებმა უნდა დააკმაყოფილონ, ასევე უცნობია თუ რა ეღირება აღნიშნული ტექსტირება, მხოლოდ სავარაუდო საფასურია ცნობილი, რომელიც 50-70 ლარის ფარგლებში იქნება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ ნორმებს და ტექნიკურ რეგლამენტს 2017 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცებს.

ვისთვის ამოქმედდება ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება 2018 წლის პირველი იანვრიდან:

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაახლოებით 187 ათასი ავტომობილისთვის, რომელთა მასაც 3.5 ტონაზე მძიმეა და რომლებსაც 8 მგზავრე მეტის გადაყვანა შეუძლიათ. ჩერქეზიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ ავტომობილებს ეს ვალდებულება დღესაც ეკისრებათ, ამ ვალდებულების აღსრულებაში სახარბიელო მდგომარეობა არაა. სამინისტროს განმარტებით, პირველი იანვრიდან ამ ტიპის ავტომობილების მიერ ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება მკაცრად შემოწმდება.

"დღეს მოქმედი ნორმატივებით 3.5 ტონაზე ზემოთ და 8 ადგილზე ზემოთ სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექნიკურ ინსპექტირებას. მკაცრდება მათ მიმართ აღსრულების მექანიზმი, ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა მაგ კუთხით", - ამბობს ჩერქეზიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

კომენტარები