ლარის გაუფასურება

ლარი ევროსთან ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა - ერთი ევრო 3.22 ლარი ღირს

ტაბულა

ეროვნული ვალუტა 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ევროსთან ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.218 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 3.4 თეთრით აღემატება.

ლარი დღესვე დოლართანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 2.2 თეთრით აღემატება.

"რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსია, შესაბამისად მისი პროგნოზირება შეუძლებელია.

ქუმსიშვილი ეთანხმება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ ლარის კურსი ფუნდამენტური მდგომარეობიდან არის გადახრილი. სებ-ის შეფასებით, იმის გამო რომ კურსზე მოქმედი ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები (ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები) დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული ნიშნავს, რომ გაუფასურება არა ამ ფაქტორებმა, არამედ ბაზარზე არსებულმა მოლოდინებმა გამოიწვია.

ქუმსიშვილის თქმით, ის მიესალმება სებ-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბანკი გაზრდილი ინფლაციის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად არის.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ. აქვე ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რომელიც გუშინ დილით გაკეთდა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი", - ამბობს ქუმსიშვილი.

დოლართან მიმართებით გაუფასურების ისტორიული მაქისმუმი 2016 წლის 21 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღიდა. 

 

კომენტარები