აშშ

აშშ-ის ატომური არსენალის მეთაური: ტრამპის არალეგალურ ბრძანებას არ დავემორჩილები

AP

აშშ-ის ატომური არსენალის მეთაურმა განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების არალეგალურ მოთხოვნას არ დაემორჩილება.

გენერალი ჯონ ჰაიტენი აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის მეთაურია. მან კანადაში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე თქვა, რომ ბევრი აქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რას იტყოდა ასეთი ბრძანება რომ მიეღო.

"ჩემი აზრით ზოგს ჩვენ სულელები ვგონივართ. ჩვენ სულელები არ ვართ. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ასეთ საკითხებზე. როდესაც გაქვს პასუხისმგებლობა, როგორ არ უნდა იფიქრო ამაზე?"

ჰაიტენმა ახსნა ის პროცესიც, რაც მსგავს ბრძანებას მოჰყვება. "მე ვაძლევ პრეზიდენტს რჩევას, ის კი მეტყვის რა უნდა გავაკეთო."

"და თუ ეს არალეგალურია იცით რა მოხდება? მე ვეტყვი "ბატონო პრეზიდენტო, ეს არალეგალურია." და იცით რას იზამს? იკითხავს "რა იქნებოდა ლეგალური?" და ჩვენ მოვიფიქრებთ ვარიანტს სხვადასხვა შესაძლებლობებით სიტუაციის საპასუხოდ. ეს ასე მუშაობს. ეს რთული არ არის."

ჰაიტენის თქმით არალეგალური ბრძანების მიღების შემთხვევაში რეაგირების სხვადასხვა სცენარის განხილვა სტანდარტული პრაქტიკაა. "თუ შენ შეასრულებ არალეგალურ ბრძანებას, წახვალ ციხეში. ციხეში წასვლა შეიძლება მთელი ცხოვრებითაც მოგიწიოს." თქვა მან.

კომენტარები