თბილისის მერია

მერია საკრებულოდან თბილისის 2018 წლის წლის ბიუჯეტს გამოითხოვს

თბილისის მერია

თბილისის მერია საკრებულოდან დედაქალაქის 2018 წლის წლის ბიუჯეტს გამოითხოვს. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან მთავრობის ახალ წევრებს ბიუჯეტზე მუშაობის დაწყება პირადად დაავალა. 

ახალი მერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება და მთავარი საფინანსო დოკუმენტი იმ პროექტებისა და პრიორიტეტების მიხედვით გაიწერება, რომელიც თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას აქვს.

„რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული, ვერ შევიტანდით ხედვებს, გეგმებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები უნდა შესულიყო. მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად,  პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება“, - თქვა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის ვიცე მერის თქმით, მათ შენიშვნები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით აქვთ. ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ თბილისის მერი განაგრძობს კონსულტაციებს ფინანსთა მინისტრთან, რათა 2018 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხდეს.

„არსებითი ცვლილებები იქნება ბიუჯეტის, ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად არის დაგეგმილი, თუმცა, ხარჯვით ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. ამასთან ერთად, გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, ბატონი კახა აგრძელებს კონსულტაციებს, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდოს და ეს ნაზარდი თანხა მოხმარდეს იმ პროგრამების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავპირდით მოსახლეობას“ - განაცხადა ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები