მუქარა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ტერასაზე დამწვარი ნაჭრებითა და პირსახოცებით სავსე ქვაბი ჩამოაგდეს

დღეს, 20 ნოემბერს, დილით, ტაბულას ტერასაზე დამწვარი ქვაბი, ნაჭრები და პირსახოცები ვიპოვეთ. კამერების ჩანაწერების მიხედვით, ქვაბი ზედა სართულიდან შაბათს, 18 ნოემბერს, 20:45 საათზე ჩამოაგდეს. 

ტაბულას ოფისის თავზე გოჩა მაისურაძე ცხოვრობს, რომელიც პარასკევს, 17 ნოემბერს ტაბულას ოფისს "გადაწვით" ემუქრებოდა.

მაისურაძეს სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უწყების განმარტებით, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.  

ტაბულას ინფორმაციით, სახლში ამჟამად ბრალდებულ მაისურაძის დედა ცხოვრობს.


ფოტო: ტაბულა

გოჩა მაისურაძე ტაბულას ოფისში პარასკევს, 17 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, მოვიდა და დაინტერესდა, რა ორგანიზაციაში იმყოფებოდა და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. მას შემდეგ, რაც მაისურაძემ შეიტყო, რომ ტაბულას ოფისია, დაიმუქრა, რომ თუ ერთი თვის ვადაში მას არ დავცლით, "აქაურობას გადაწვავს". ამის შემდეგ, ის ეზოში გავიდა და აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 
 
გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებს მის პაროდიას. 
 
მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და "შემსრულებელი" იყო.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ ლევან სუთიძეს და ტაბულას სხვა ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო, 2016 წლის 12 იანვარს რესტორან "ჭაშნაგირში" თავს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.
 

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. საქმე სასამართლოშია, თავდამსხმელები კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები