ჩარლს მენსონის გარდაცვალება

სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

Us Weekly

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი, ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ის 40 წელზე მეტ ხანს ციხეში იჯდა.

1960-იან წლებში ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს "მენსონის ოჯახი" და 9 ადამიანი მოკლეს, მათ შორის იყო ყველაზე გახმაურებული "ტეიტ-ლაბიანკების" საქმე, როდესაც კალიფორნიაში, ორ ღამეში მიმდევრებმა 7 ადამიანი მოკლეს.

რომან პოლანსკის ორსული ცოლი, შერონ ტეიტი, მენსონის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მიმდევარმა საკუთარ სახლში მოკლა და მისი სისხლით სახლის კარს "ღორი" დააწერა. იმავე დღეს ტეიტის სახლში 4 ადამიანი მოკლეს. შემთხვევის შემდეგ დღეს, ლოს ანჯელესში, "მენსონის ოჯახის" წევრებმა მოკლეს ლენო და როუზმერი ლაბიანკები.

თავად ჩარლზ მენსონი ამ შემთხვევებში არ მონაწილეობდა, მაგრამ იგი დამნაშავედ ცნეს მისი მიმდევრებისთვის მკვლელობის ბრძანებების გაცემის გამო. 1971 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

სანამ მენსონის სასიკვდილო განაჩენს შეასრულებდნენ, კალიფორნიის შტატში სიკვდილით დასჯა აიკრძალა, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. ციხეში გატარებული ათწლეულების მანძილზე, მენსონმა შეწყალება 12-ჯერ უშედეგოდ მოითხოვა.

კომენტარები