ტოლერანტობის ქომაგი

დაბრუნებული ჯილდო ნაირა გელაშვილმა 2009 წელს თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად მიიღო

კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო დაუბრუნა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიასაც გადაეცა.

"ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს, კრიმინალურ სუბიექტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც, წესით, ციხეში უნდა ისხდნენ და იმიტომ არიან გარეთ, რომ ქვეყანას არ აღმოაჩნდა ძალა, აღესრულებინა მართლმსაჯულება" - უთხრა გელაშვილმა ლიბერალს და აღნიშნა, რომ კავკასიურმა სახლმა ჯილდო იმისთვის მიიღო, რომ "დასაცავებს იცავდა".

"ეს ჯილდო სრულიად დამსახურებისამებრ მოგვანიჭეს და ის ჩვენთვის ძვირფასი იყო. მაგრამ ახლა ის გიგა ბოკერიას, გვარამიას, „რუსთავის 2-ს“ გადაეცა, ხალხს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხალხის დარბევაში, გაუბედურებასა და წამებაში. ამ ჯილდომ უკვე თავისი თავი თვითონ გადახაზა და გააბათილა", - ამბობს ნაირა გელაშვილი, რომელმაც ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო სახალხო დამცველის ოფისში დატოვა. "კავკასიურმა სახლმა" ტოლერანტობის ქომაგის წოდება რამდენიმე წლის წინ მიიღო.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება 16 ნოემბერს მიანიჭა. მათთან ერთად, სიგელი მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ლაშა ბუღაძემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, გაზეთმა "გურჯისტანმა" და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიიღეს.

კავკასიურმა სახლმა, რომლის ხელმძღვანელიც ნაირა გელაშვილია, ტოლერანტობის ქომაგის სიგელი 2009 წელს მიიღო. იმავე წელს სიგელი თავისუფლების ინსტიტუტსაც გადაეცა, თუმცა მაშინ ნაირა გელაშვილს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. 

თავად ნაირა გელაშვილს არაერთხელ გაუჟღერებია ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური შინაარსის გამონათქვამები. მაგალითად, 2013 წელს კავკასიის ეთერში ნაირა გელაშვილმა თქვა, რომ არასდროს უნახავს უფრო დიდი საზიზღრობა, ვიდრე "გეი აღლუმი" და ლგბტქ აქტივისტებს დაბლი ცნობიერების მქონენი უწოდა. 

"შენ რომ ამბობ, რომ მე მაქვს უფლება და ამ უფლებას ვიყენებ, ეს არის ძალიან პრიმიტიული და საშიში მსჯელობა. ეს არის ფორმალური ლოგიკა და ფორმალური ლოგიკა არის საშიში და დამღუპველი იმიტომ, რომ რეალობას ის არ შეესაბამება და აფეთქებს… და შენი უფლების გამოყენება სულაც არ არის უმაღლესი ღირებულება და უმაღლესი მოვლენა ამ საზოგადოებისა და ხალხის ცხოვრებაში. როდესაც იცი და თუ არ იცი, ესე იგი დაბალი ცნობიერების ადამიანი ხარ. როდესაც იცი და უნდა იცოდე, რა ხდება. ორი თვე ხალხს ეუბნებიან, რომ გეი აღლუმი უნდა გაიმართოს და სპეციალურად, დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სპეციალურად, და მე პირადად; მე პირადად რომელიც ყველანაირი ტოლერანტობის მომხრე ვარ ამ ქვეყნად და ვერ ვიტან ვერანაირ სისასტიკეს და ჩაგვრას, ასეთი საზიზღრობა არ მინახია, რაც გეი აღლუმი არი. რაც მე ტელევიზიით მინახია ეს არის გულის ამრევი! და არავინ არ არის ვალდებული ის მოეწონოს და აიტანოს! ხო მართალია?,"- ამბობდა ნაირა გელაშვილი. 

ამასთან, გელაშვილის თქმით, "ნაციონალებს" ადამიანებად არ თვლის:

"გითხარით: მე ნაციონალებს ადამიანებად არ ვთვლი!!! გაიმეორეთ ეს თუ შეიძლება. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეში და არიან გარეთ და ანადგურებენ ჩვენს ფსიქიკასა და ნერვებს. ამიტომ, მე მათი აზრები საერთოდ არ მაინტერესებს".

მწერალი ასევე ქსენოფობიური გამონათქვამებითაც გამოირჩევა. მაგალითისთვის, 2016 წლის ოქტომბერში Facebook-ზე გამოქვეყნებულ ბლოგზე გელაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისინი ქართველების უცხოელებით ჩანაცვლებას გეგმავდნენ:

"მთლიანობაში [მათ ჰქონდათ]: ქართული მოსახლეობის უცხოთი ჩანაცვლების აშკარა გეგმა".

2011 წლის აგვისტოში რეჟისორი რობერტ სტურუა ქსენოფობიური განცხადებების გამო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში, სტურუამ მაშინდელ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე უარყოფით კონტექსტში საუბრისას თქვა, რომ ის სომეხია და "რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალული?" მოგვიანებით კი რუსთაველის თეატრში გამართულ შემოქმედებით საღამოზე სტურუამ განაცხადა:

"რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს? ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც უნდა შევებრძოლოთ, დამალვით კი მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ გითხრათ: როგორ მიყვარს ზანგები! ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე კულტურის მხრივ". 

სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებამ ნაირა გელაშვილის გაბრაზება გამოიწვია. მის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ "სასაცილოა, რობერტ სტურუას ქსენოფობია დასწამო".

"არ უნდა აწიწინებულიყო სამოქალაქო სექტორი უაზროდ და არ უნდა ესწავლებინა ამხელა ხელოვანისთვის და ცოტა ჩაფიქრებულიყო იმაზე, რა პრობლემის აქცენტირება მოხდა ამით. ამით მოხდა იმ პრობლემის აქცენტირება, რომ პრეზიდენტის შესახებ, ჯერ ერთი ყველაფერი უნდა იცოდე და მეორეც, თუ ადამიანი არის სომეხი თუ აზერბაიჯანელი თუ ვინც არის, რატომ მალავს თავის წარმომავლობას?" 

კომენტარები