ტოლერანტობის ქომაგი

გოცირიძე ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოზე: პატივი ეცით ჩვენს გადაწყვეტილებას

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რელიგიათა საბჭოს წევრი რუსუდან გოცირიძე ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოზე მწერალ ნაირა გელაშვილის უარს ეხმაურება. გოცირიძე Facebook-ში წერს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იმსახურებს მადლობას რელიგიური მრავალფეროვნების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის. ეპისკოპოსის თქმითვე, რელიგიათა საბჭო როცა თვლიდა, რომ წინა ხელისუფლება გასაკრიტიკებელი იყო, ის აკრიტკებდა როგორც ხელისუფლებას, ისე თავად გიგა ბოკერიას. თუმცა, რუსუდან გოცირიძე აღნიშნავს, რომ იყო საკითხები, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოხერხდა, კერძოდ, პენიტენციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია, სეკულარული სკოლები, რელიგიური ექსტრემიზმის დასჯადობა.

"ამ წუთას არ ვარ საქართველოში და ჩემი პირადი განცდა ასეთია, რომ როცა შორს ვარ ყველაფერი გაცილებით დრამატულად და მძაფრად მეჩვენება და უფრო ძლიერად განვიცდი. გავიგე, რომ ქალბატონ ნაირა გელაშვილს წლების წინ მიცემულ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოზე უარი უთქვამს ბატონი გიგა ბოკერიას და რუსთავი 2-ის დაჯილდოების გამო.

ტოლერანტობის ქომაგებს ირჩევს რელიგიების საბჭო, რომელიც, მართალია მოქმედებს სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ, მაგრამ არის სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ და ვერ ახდენს ვერც ომბუდსმენი და ვერც სახელმწიფო.

ამიტომაც იყო, რომ ჯილდოს გადაცემის ცერემონიის წინ ბატონმა უჩა ნანუაშვილმა მისასალმებელი სიტყვის დიდი ნაწილი სწორედ ნომინანტების დასახელებისა და კრიტერიუმებისა და არჩევის პრინციპების დახვეწას მიუძღვნა. რის გამოც ძალიან ბევრ ნომინანტს გაუჩნდა უხერხულობის განცდა.

რელიგიათა საბჭო (ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების საბჭო ცალკე) აწესებს ოთხ ჯილდოს:

  1. ირჩევს ერთ პიროვნებას (პროფესიისა და მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად), რომელიც თავისი მოღვაწეობით ტოლერატობის კულტურის შენებასა და რელიგიურ მრავალფეროვნებას უწყობს ხელს; 
  2. ასევე, ირჩევს ერთ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ამ მიმართულებით; 
  3. ირჩევს მედია კომპანიას, რომელიც თანამიმდევრულად აშუქებს რელიგიურ მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.
  4. საჯარო მოხელეს/პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც თავისი საქმიანობით გამოირჩევა ტოლერანტობის ხელშეწყობით.

მეოთხე ნომინაცია ძალიან ახალია. თავიდან ვფიქრობდით, რომ საჯარო მოხელის და პოლიტიკური პირის პირდაპირი ვალდებულებაა მრავალფეროვნების ხელშეწყობა და არ უნდა იყოს საჭირო ამის გამო ხალხის დაჯილდოვება. მაგრამ, რაკი ვხედავდით, რომ რაც დრო გადიოდა, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს შორის სულ უფრო ცოტა ადამიანი ბედავდა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი გამონაკლისები აღგვენიშნა და დაგვეჯილდოვებინა. პირველი ჯილდო მიიღო რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ყველაზე ნათელმა სახემ თამარ კორძაიამ.

წელს მეოთხე ნომინაციაზე ხმები თანაბრად გაიყო ორ კანდიდატს შორის - გიგა ბოკერიამ და ხათუნა სამნიძემ აიღეს თანაბარი ხმები და საბჭომ გადაწყვიტა, ორივესთვის გადაეცა ჯილდო, იმის გამო, რომ ეს ადამიანები, ჩვენის ღრმა რწმენითა და დაკვირვებით, იმსახურებენ მადლობას რელიგიური მრავალფეროვნების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

რელიგიათა საბჭო კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების დროს როგორც ხელისუფლების, ისე თვითონ გიგია ბოკერიას მიმართ, როცა ვთვლიდით, რომ გასაკრიტიკებელი იყო მათი ქმედება. მათი ხელისუფლების დროს ბევრი მრძოლა დაგვჭირდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისათვის და ზოგი გადაწყვეტილების მიღება ვერც მოვახერხეთ. მაგრამ, ეს სამყარო არ არის შავ-თეთრი. იმის ფონზე, რომ ვერ ვთანხმდებოდით რიგ საკითხებზე, იყო საკითხები, რომელიც სწორედ თანამშრომლობის წყალობით მოხერხდა: პენიტენციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია, სეკულარული სკოლები, რელიგიური ექსტრემიზმის დასჯადობა . . .

ვწუხვარ, რომ ბევრმა ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა და მათ შორის ჩემმა ახლო და ძვირფასმა მეგობრებმა რელიგიათა საბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად მიიღო. ვწუხვარ, რომ მათგან ერთერთმა უარი თქვა ჩვენს ჯილდოზე.

ვწუხვარ, რადგან კარგად ვიცი, რომ ეს დაძაბულობა კეთილად არ აისახება რელიგიათა საბჭოს საქმიანობაზე. ამ ქვეყანაში ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს და არაა კარგი მეგობრების განაწყენება.

მაგრამ, მოდი შევთანხმდეთ, რომ შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ. ჩვენ ვცემთ პატივს თქვენს კრიტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და თუ შეიძლება, ეცით პატივი ჩვენს გადაწყვეტილებას" - წერს გოცირიძე Facebook-ში.

ცნობისთვის, კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო დაუბრუნა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიასაც გადაეცა.

დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს. მისი თქმით, "გიგა ბოკერიას, მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე".

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება 16 ნოემბერს მიანიჭა. მათთან ერთად, სიგელი მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ლაშა ბუღაძემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, გაზეთმა "გურჯისტანმა" და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიიღეს.

კომენტარები