ირაკლი კობახიძე

პარლამენტი: კობახიძეს ბელარუსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის სპიკერს, ირაკლი კობახიძეს, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

მათივე ცნობით, კობახიძემ, რომელიც ბელარუსში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სტუდენტებთან შეხვედრისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი პროტესტისდა მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კონსტიტუცია მაინც დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მმართველმა გუნდმა კვლავ ცვლილებები შეტანაზე დაიწყო საუბარი. იცვლება 4 პუნქტი: 2024 წლიდან გაუქმდება ე.წ ბონუსების სისტემა, 2020 წელს პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, საარჩევნო ბლოკები შექმნან, ასევე ცვლილებები ეხება რელიგიის თავისუფლების მუხლსადა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლას. ამ საკითხებზე პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. კონსტიტუციის პროექტში ეს ჩანაწერები მიუღებელი იყო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ახლა კი, სამი მოსმენით დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პროექტში კვლავ ცვლილებებს გეგმავს. 

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ანდრეი კოროლის თქმით, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება ირაკლი კობახიძეს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ლექციები, კურსები და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.

თავად კობახიძე ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ამ წოდების მიღება. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მიღება.  მადლობა გადავუხადე მის აღმატებულება რექტორს, ასევე, პროფესორებს, აკადემიური საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ამ ისტორიული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების ტარება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანაა პოლიტიკოსების, რომ ჩვენ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში,"- ამბობს პარლამენტის სპიკერი.

კომენტარები