აზარტული თამაშები

კანონპროექტით 170 ათას საქართველოს მოქალაქეს აზარტული თამაში ეკრძალება

Reuters

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს დაახლოებით 170 000 მოქალაქეს აზარტული თამაშის უფლება ჩამოერთმევა. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი აზარტული თამაშის მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 18 წლიდან 21 წლამდე ზრდის, ამ ასაკობრივი ჯგუფის შემადგენლობა დაახლოებით 170 000-ია.

აქამდე მოქმედი კანონის მიხედვით, 18 წლის პირებს შეეძლოთ ონლაინკაზინოში თამაში, ასევე სათამაშო აპარატების სალონსა და ტოტალიზატორებში შესვლა. სამორინეში თამაშზე კი 21 წლიანი ცენზი იყო დაწესებული. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ყველა სახის აზარტული თამაშის მინიმალურ ცენზს 21 წლამდე ზრდის. პროექტში მითითებულია, რომ 18 წლის უცხოეთის მოქალაქეებს თამაშის უფლება შეუნარჩუნდებათ.

საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს, რადგანაც ახალგაზრდები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან.

მთავრობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრსაც ქმნის

ამავე კანონპროექტით, ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაც არის დაგეგმილი. რეესტრში შესულ პირებს კაზინოებში/ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ.

როგორ შევლენ ადამიანები დამოკიდებულთა რეესტრში:

  1. (ნებაყოფლობითი) მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვის დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა.
  2. (არანებაყოფლობითი) ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

რეესტრს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეადგენს და მასში პირები 3 წლის ვადით იქნებიან შეყვანილი.

რა ზომისაა საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრია:

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების დეკლარირებულმა ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, დანარჩენი კი ონლაინ-კაზინოებისა და რეალური კაზინოების შემოსავლებია.

კომენტარები