თამბაქო

მთავრობა თამბაქოს მოხმარების 8%-იან შემცირებას ელოდა, თუმცა შემცირება 15%-ია

Reuters

2017 წლის იანვრიდან თამბაქოზე გაზრდილი გადასახადი შევიდა ძალაში. ყოველ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულებამ 1.7 ლარს მიაღწია, რაც 90 თეთრიან გაძვირებას წარმოადგენს. მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა, რომ აქციზის გაძვირება თამბაქოს მოხმარებას 8%-ით შეამცირებდა, თუმცა რეალურად შემცირება 15%-ს შეადგენს, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს პრობლემებს უქმნის.

2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება - 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება - 1.3 მილიარდი ღერი) ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს.

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზზე კი 150%-ით არის გაზრდილი.

თამბაქო არაელასტიურ პროდუქტთა ჯგუფს მიეკუთვნება, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით არაელასტიურ პროდუქტებზე ფასის ცვლილება ამ პროდუქტის მოთხოვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. ასეთი პროდუქტებია თამბაქო, ბენზინი, მედიკამენტები, ალკოჰოლი. მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა 52%-ით და ელოდა, რომ თამბაქოს გაყიდვები შემცირდებოდა 8%-ით, თუმცა სინამდვილეში მთავრობის პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა და გაყიდვები 15%-ით შემცირდა, შესაბამისად ფასის ცვლილებაზე მოსახლეობის რეაქცია იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა. 

პარლამენტმა 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით 2022 წლამდე გადაავადა თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შემოღების ვალდებულება. პარლამენტის მიღებული კანონის პირვანდელი ვერსიით თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

მაისში პარლამენტმა მხარი დაუჭირა გუგული მაღრაძის კანონპროექტს, რომლითაც 2018 წლის პირველი იანვრიდან იკრძალებოდა თამბაქოს ღერებსა და მის შეფუთვაზე ნებისმიერი ტიპის ბრენდული ნიშნის დატანა, რის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდებოდა.

კომენტარები