კახა კალაძე

კალაძე: მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეოკამერებს შსს გააკონტროლებს

ქართული ოცნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში ჩაირთვება.

მან ასევე აღნიშნა, რომ  გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ.

"ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება. ინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.

"იგივე თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება“, - თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები