სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

მუქარა Facebook-ზე და სუს-ის პასუხი - "ყველა მუქარას სერიოზულად მივუდგებით"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუს-ი აკვირდება და სერიოზულად უდგება ყველა მუქარას, რაც სპეცოპერაციის შემდეგ ამა თუ იმ საშუალებით ვრცელდება.

ვახტანგ გომელაურმა ეს ტაბულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომელმაც მას Facebook-ზე გავრცელებულ მუქარასა და სუს-ის რეაგირების შესახებ ჰკითხა.

„რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას, ვაკვირდებით კიდევაც, ღია წყაროებშიც, ასევე ხორციელდება ზარები ამა თუ იმ მუქარით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზარი შემოვა თუ facebook-ზე იქნება მუქარა ამა თუ იმ მიმართულებით, ყველა იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და ყველას მივუდგებით სერიოზულად - ყველა შემოსულ ზარს და sms-ს“, - ამბობს სუს-ის ხელმძღვანელი, რომელმაც პირველი კომენტარი სპეცოპერაციისას დაჭრილების მონახულების შემდეგ გააკეთა. 

ანონიმური მომხმარებლის მუქარა სხვადასხვა Facebook გვერდმა და სააგენტომ გაავრცელა. „მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით“ - ამ კომენტარის ავტორის პროფილი Facebook-ზე ამ დროისთვის აღარ იძებნება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული თითქმის 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, დაიჭრა ძალოვანი უწყებების ოთხი თანამშრომელი. "დანაშაულებრივი ჯგუფის" ერთი წევრი აიყვანეს, სამი კი ლიკვიდირებულია.

კომენტარები