სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გახარია: გამოძიება მიდის სხვა ქვეყნებშიც, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

"გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ", - ამბობს ვიცე-პრემიერი, შსს მინისტრი გიორგი გახარია. გახარია არ აკონკრეტებს თუ რომელ ქვეყნებზე საუბრობს.

მინისტრი საზოგადოებას სხვადასხვა სახის სპეკულაციებისგან თავის შეკავებისა და გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებს.

"სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობებისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ", - ამბობს გახარია.

20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3. საინტერესოა, რომ სუს-ი სპეცოპერაციის შემდეგ თავს იკავებდა დამნაშავეებისთვის "ტერორისტების" წოდებისგან და მათ "დანაშაულებრივ ჯგუფად" მოიხსენიებდა. 

სუს-ის ინფორმაციითვე, "დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები" არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

"ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით" - აცხადებს სუს-ი.

კითხვაზე, "რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეჭვმიტანილები", სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უპასუხა, რომ სუს-ი დამატებით ინფორმაციას უახლოესი დღეების განმავლობაში გაავრცელებს. 

სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომელი ქვეყნის მოქალაქეები და რომელი დაჯგუფების წევრები იყვნენ სპეცოპერაციის სამიზნე პირები. გომელაური ასევე არ აკონკრეტებს, "ისინი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან თუ არ არიან". კითხვაზე, რომ რამდენიმე საათით ადრე სწორედ მისმა უწყებამ გაავრცელა ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე ინფორმაცია, სუს-ის უფროსმა უპასუხა - "თუ შევხედავთ, დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს დღეს საქართველოში, ამხელა, 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან". გომელაურმა აღნიშნა, რომ პროკურატურა იტყვის - რა კვალიფიკაციას მიანიჭებს საქმეს.

კომენტარები