კობახიძე: რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი მომდევნო სასესიო კვირას განიხილება

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.

„კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს - რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის, სამინისტროების საქმე. შესაბამისი ცვლილებები მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში აისახება უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარისვე თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

მმართველი გუნდის მიერ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. ამ ცვლილებას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება.

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;

კომენტარები