გაზის ტარიფი

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის ტარიფი უძვირდება

Reuters

2018 წლის 17 იანვრიდან თბილისის მოსახლეობის მცირე ნაწილს (14 500 აბონენტს) ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით გაეზრდება და ის 50.5 თეთრი იქნება. გაძვირება შეეხება კომპანია "ვარკეთილაირის" აბონენტებს. 

რატომ გაიზარდა ტარიფი:

"ვარკეთილაირი" მცირე ზომის კომპანიაა და ის მოსახლეობისთვის მისაწოდებელ ბუნებრივ აირს არა სახელმწიფო კომპანია "გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან", არამედ "ყაზტრანსგაზისგან" ყიდულობს.

სემეკმა ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, კუბურ მეტრზე 32 თეთრიდან 35 თეთრამდე გაზარდა "ყაზტრანსგაზის" მიერ სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის "ვარკეთილაირისთვის" მისაწოდებელი გაზის ტარიფი. "ვარკეთილაირის" განმარტებით, ისინი ძველ ტარიფს 45.5 თეთრს კუბურ მეტრზე საკუთარი ხარჯით ინარჩუნებდნენ, თუმცა 2018 წლის იანვრიდან მათ ტარიფის 5 თეთრით გაზრდა მოუწევთ. 

რას აკეთებს კომპანია ტარიფის გაიაფებისთვის:

ვარკეთილაირი გეგმავს ააშენოს 5-კილომეტრიანი მილსადენი, რომლითაც კომპანია დაუკავშირდება "გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მილსადენს, ამ მილსადენიდან მას შედარებით უფრო იაფი ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ექნება, რაც ტარიფის შემცირებას შეუწყობს ხელს. კომპანიის ინფორმაციით, მათ მერიისგან ამ მილსადენის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღეს.

სემეკის შეფასებით, ის რომ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი გაზრდილ ტარიფს გადაიხდის გარკვეულწილად არასამართლიანია.

კომენტარები