ნოემბერში დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი მცირდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი ქვეყანაში "დედოლარიზაციის" პოლიტიკას ატარებენ, რაც სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად. სესხებში უცხოური ვალუტის წილის კლება შეიმჩნევა, თუმცა დეპოზიტებში მისი წილი მზარდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა ლარზე მეტად უპირატესობას უცხოურ ვალუტას ანიჭებს.

2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით ბანკებში 19 მილიარდი ლარი დეპოზიტებია განთავსებული, რაც 645.2 მლნ ლარით ანუ 3.5 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი). 

2017 წლის პირველი ნოემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 33.61 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.06%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სესხების ლარიზაციის მაჩვენებელს პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.59% შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.23%-ით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.9%.

კომენტარები