ეროვნული საბჭო

კობახიძე პრეზიდენტს: არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პასუხობს, რომელმაც დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას თქვა, რომ მიამიტური იყო დამოკიდებულება, რომ ქვეყანას ეროვნული უშიშროების საბჭო არ სჭირდება.

კობახიძის თქმით, სპეცოპერაციის საკითხს პრეზიდენტი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

"რა შუაშია ასეთ სპეცოპერაციებთან საერთოდ ეროვნული უშიშროების საბჭო? არ შეიძლება, ბუნებრივია, ყველა თემით სპეკულირება, მით უმეტეს, ისეთი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი. არა მარტო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, არამედ ახდენს სპეკულირებას. სხვა სახელი ამას არ ჰქვია, რაც არის სამწუხარო. არანაირი კავშირი, არც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, თუნდაც ტერორიზმთან ან რაიმე ტიპის სხვა საფრთხეებთან,"- თქვა კობახიძემ.

პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლების მიამიტურ განცდებს სპეცოპერაციის საჭიროებით ძალიან ნათელი პასუხი გაეცა.

"ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიული ოპერატიულის ნაწილში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო), რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ, ამ მიამიტურ განცდებს, რომლებსაც არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა,"- თქვა პრეზიდენტმა. 

მოქმედი კონსტიტუციით და შესაბამისი ორგანული კანონით, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს:

  • საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას;
  • საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას;
  • საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების და სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების საკითხებს;
  • ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;
  • საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის ძალის მქონე დეკრეტებისგამოცემის საკითხს;
  • სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს;
  • საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს;
  • საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;
  • სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;
  • სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხს.

კომენტარები