სახალხო დამცველი

ქართულმა ოცნებამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია შეარჩია

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წარადგენს. გადაწყვეტილება პარტიამ დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე მიიღო. 

პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიამ კანდიდატებზე მსჯელობისას სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინა. 

"გავითვალისწინეთ კიდევ ერთხელ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან. ესეც იყო მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კონსულტაციების. ასევე, გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოოდ უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ნინო ლომჯარიაზე, დანარჩენი არის უკვე პროცედურების საქმე. უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატურის დასახელება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო პლენარულ სხდომებზე მოხდება კანდიდატურის განხილვა და ერთ კვირაში დამტკიცდება სახალხო დამცველი თავის პოსტზე,"- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე განიხილება, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. საბოლოოდ, ლომჯარის კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. ქართულმა ოცნებამ ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები