ხანძარი

სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამო შს მინისტრი ბათუმში გაემგზავრა

booking.com

ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამო ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. 

სასტუმროში ხანძრის შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც, რომელთა შორისაც არიან სასტუმროში მცხოვრები ადამიანები და სამი მეხანძრე-მაშველი.  

ხანძარი სასტუმროში დღეს, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 112-ში შეტყობინება 20:01 სთ-ზე შევიდა. 

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. 

"დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სასტუმროს პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ და ამ დროისთვის ღია ცეცხლის კერები არ შეინიშნება. 

ამასთან, ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები