ხანძარი

ბათუმში 180-ოთახიანი სასტუმრო ლეოგრანდი დაიწვა

0 კომენტარი

ქალაქ ბათუმში, სასტუმრო და კაზინო "ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ზღვისპირას, ქალაქის შესასვლელთანაა განთავსებული და 180 სასტუმრო ოთახს მოიცავს. 

ლეოგრანდში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა, განთავსებულია სპა სალონი, საუნა, აუზი, რესტორანი და ბარი. სასტუმრო მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, სასტუმრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა რეკომენდირებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

მსხვერპლის მასშტაბით, რეგიონში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

ხანძრის გამო, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ესწრებოდა, თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაფრინდა. მან ნახევარი საათის შემდეგ სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. ბათუმში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები