ხანძარი

გახარია ლეოგრანდზე: აშკარაა სახანძრო ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევა

გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სახეზეა სახანძრო ნორმების დარღვევა.

"როგორც ჩანს, იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გაგვაჩნია, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე. ხანძარი იყო მეოთხე მეხუთე სართულზე. აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"- თქვა გახარიამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები