ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

გახარია ლეოგრანდზე: მიმდინარეობს შენობის მეორადი შემოწმება

აჭარის ტელევიზია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ამჟამად სახანძრო-სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები სასტუმროს ოთახებს უკვე მეორედ ამოწმებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ სასტუმროში მყოფი ყველა ადამიანი ევაკუირებულია.

"ამ დროისათვის, რაც მნიშვნელოვანია, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს 11 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამძიმარი მათ ოჯახებს. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გვყავს 19 ადამიანი, მაგრამ მათი მდგომარეობა არის დამაიმედებლი. ამ მომენტისათვის მეხანძრე-მაშველები გადიან და ახორციელებენ კონტროლს თითოეული სართულის, რამეთუ არ მოხდეს არანაირი პატარა ეჭვიც კი, რომ იქ შესაძლებელია კიდევ იმყოფებოდნენ,"- ამბობს გახარია.

მისივე თქმით, თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი მე-4 სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც დაიკვამლა ერთადერთი დერეფნის კიბე და ხალხი ბლოკირებული იყო მე-7 სართულზე.

"როგორც ჩანს, პირველი მოკვლევით ხანძრის კერა იყო მე-4 სართულზე. სამწუხაროდ, დაკვამლიანება მოხდა ერთადერთი დერეფნის კიბის კორიდორის და ხალხი იყო ბლოკირებული მე-7 სართულზე. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი. მოგეხსენებათ, რომ პროკურტურამ დაიწყო მუშაობა. საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით, რაც ნიშნავს სახანძრო უსაფრთხები ნორმების გრუბ დარღვევას"- ამბობს გახარია.

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადო სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებს. ასევე, აღნიშნა, რომ უწყების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე "სწრაფი და ობიექტური" გამოძიების ჩატარებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლეოგრანდი 2015 წელს გაიხსნა. გახსნას მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა რეკომენდირებული. 

კომენტარები