სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

R2: წყაროს ცნობით, ისნის სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სუხო დუდაევია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სუხო დუდაევია, რომელიც წყაროსვე ცნობით, 2012 წელს ჩატარებული ე.წ ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. ტელეკომპანიის ცნობით, წყარომ მათ უთხრა, რომ დუდაევი ჩეჩნური დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც სპეცოპერაციის დროს გაქცევა მოახერხა. 

ამასთან, სუხო დუდაევის სახელისა და გვარის ინიციალები პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოყენებულ ინიციალებს ემთხვევა. 

გუშინ, 24 ნოემბერს სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ს.დ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა. ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სწორედ პროკურატურა ითხოვდა. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა. 

რა შედეგით დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

კომენტარები