ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, კლინიკებში მოთავსებული 21 ადამიანიდან 13 უვკე გაეწერა, 8 კი რჩება.

"ამჟამად კლინიკებში არის 8 პაციენტი - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში და კლინიკა მედცენტრში. მათი მდგომარეობა სტაბილურია და დღის განმავლობაში თანდათან გაეწერებიან, თუმცა ყველა არა", - უთხრეს ტაბულას სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილებს შორის 3 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის ერთი მეხანძრე, 4 თურქეთის მოქალაქე, 1 კი ისრაელის.

პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ დაშავებულთა უმეტესობამ კვამლის შედეგად სასუნთქი გზების დაზიანება მიიღო, ორ მათგანს ჰქონდა მოტეხილობაც. დამწვრობა მხოლოდ ორ მეხანძრეს, რომელთაგან ერთი უკვე გაწერილია.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები