ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეზე ნარინჯისფრად განათდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა.

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას  ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. 

"ამ ჟესტით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. ამავდროულად, კამპანიაში ჩართვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველას შეუძლია 25 ნოემბერს  ნარინჯისფერი ტანსაცმელი ან აქსესუარი ატაროს და ამგვარად გამოუცხადოს სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა. 

თბილისის ანძა ნარინჯისფრად გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განათდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება. "არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: დავასრულოთ ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ" - ეს არის მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ყველაზე გარიყულ ჯგუფებზე, მათ შორის ლტოლვილებზე, მიგრანტებზე, უმცირესობებზე, და კონფლიქტით თუ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას.

კომენტარები