ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორი: ლეოგრანდში საევაკუაციო კიბე არის

რუსთავი 2

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, სასტუმრო ლეოგრანდში, სადაც გუშინ, 24 ნოემბერს ხანძარი იყო, საევაკუაციო კიბე არის.

ამის შესახებ სირაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხავს - რატომ არ მოხდა ამ კიბის გამოყენება, სირაძე პასუხობს:

"ძლიერი დაკვამლიანების გამო შეფერხდა, როგორ არ მოხდა".

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მიმდინარე წელს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლეოგრანდი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უსაფრთხოების ნორმების გამო დააჯარიმა. უწყება ამის შესახებ ამ დრომდე არ საუბრობს.

დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია აქვს ბათუმის ვიცე-მერსაც. თენგიზ პეტრიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სასტუმრო სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა და ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე, რომელიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობასი მუშოაბდა, არ აზუსტებს აქვს თუ არა სასტუმროს საევაკუაციო კიბე.

"მთელი ღამის განმავლობაში ვაწარმოებდით ლეოგრანდის შენობის დათვალიერებას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავასრულეთ სამუშაოები. სამუშაოები უკვე ინაცვლებს გამოძიებაში და ეხლა საგამოძიებო დანაყოფები შეუდგებიან თავისი კომპეტენციის განხორციელებას. მე ვამბობ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავასრულეთ სამუშაოები. გამოძიების დასრულების შემდეგ გვეცოდინება არამარტო კიბის არსებობის შესახებ, არამედ თუ რამე სხვა ხარვეზი იყო", - ამბობს თურმანიძე.

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეხანძრეებს სასტუმროში დარჩენილები შიდა კიბეებით გამოჰყავთ, ვერანდაზე შეკრებილები კი სამაშველო ამწეს დახმარებით. 

სასტუმრო ლეოგრანდის ადმინისტრაციას მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ბათუმში, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე.

"აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"- თქვა გახარიამ.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები