ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

Leogrand-ის მფლობელი კომპანია 2014 წელს ტურიზმში მეორე უმსხვილესი ინვესტორი იყო


ფოტო: booking.com

კომპანია, რომელიც ბათუმში სასტუმრო Leogrand-ს ფლობს შპს "მერსინ ტურიზმია". ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, "მერსინ ტურიზმი" 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტის" შემდეგ, ტურიზმის სექტორში მეორე უმსხვილესი ინვესტორი იყო. კომპანიის ცნობით, მათ Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადეს. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში ბათუმში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, "მერსინ ტურიზმის" მფლობელები თურქეთის მოქალაქეები არიან. კომპანიის 80%-იანი წილი თოლგა ავგორენს, 20%-იანი წილი კი ათილგან არიფაღაოღლუს ეკუთვნის. 

რეესტრის მონაცემებით, კომპანიას სამი დირექტორი ჰყავს, ესენი არიან:

  • დირექტორი - მეთინ არიფაღაოღლუ, თურქეთი; 
  • დირექტორი - ათილგან არიფაღაოღლუ, თურქეთი;
  • დირექტორი - ეროლ ავგორენ, საქართველო, თურქეთი.

ხანძრის დეტალები:

Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

კომენტარები