ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

Leogrand-ში მომხდარი ხანძრის გამო 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის გამო 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

"საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო "ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები", - წერია მთავრობის განცხადებაში.

Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

კომენტარები