ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

თავდაცვის სამინისტრო: LEOGRAND-ში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეცაა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ზაურ აბულაძეც არის, რომელიც რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ მწუხარებას იზიარებს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

კომენტარები