ბიუჯეტი 2018

სამინისტროების შემცირების კანონპროექტი: ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შემცირდება

ტაბულა

4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე გაუგზავნა. 944-გვერდიანი დოკუმენტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს.

"კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი", - წერია განმარტებით ბარათში.

თუმცა საინტერესოა, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სხვა ჩანაწერსაც აკეთებს, რომელშიც მინიშნებულია, რომ სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ საბიუჯეტო ეკონომიას მაინც გამოიღებს, თუმცა კონკრეტული რიცხვები მოყვანილი არაა და წერია, რომ აღნიშნული 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება.

"ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება", - წერია განმარტებით ბარათში.

ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

სამინისტროების შემცირების პროექტი ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება;
  • შსს-ს შემადგენლობაში არსებული საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაერთიანდება;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

სამინისტროების შემცირების კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა საკმაოდ ვრცელი პაკეტი, რომელიც 70-მდე კანონში ითვალისწინებს ცვლილების შეტანას. 

კომენტარები