სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

იან კელი: სპეცოპერაციის გამოძიებაში ქართულ მხარეს FBI-ის სპეციალისტები ეხმარებიან

ტაბულა

საქართველოში აშშ–ის ელჩის, იან კელის თქმით, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის გამოძიებაში ქართულ მხარეს აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ეხმარებიან. თუმცა, კითხვაზე, რა სახის დახმარებას იღებს საქართველო FBI-ისგან, დიპლომატი პასუხობს, რომ ამის შესახებ ქართულმა მხარემ უნდა ისაუბროს.

“ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ტექნიკური დახმარება და მას უკვე ვუწევთ. ეს ის საკითხია, რომელიც გავლენას ყველა ჩვენგანზე ახდენს, ეს არის ტერორიზმი, რასთან ბრძოლაშიც საქართველო ჩვენი მოკავშირეა. ტერორიზმის კუთხით რეგიონში მთავარი გამოწვევა ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებაა. მნიშვნელოვანია, ვითანამშროლოთ ზოგიერთი ტერორისტული აქტის გამჟღავნებაში, რომელთა თავიდან აცილებასაც ვცდილობთ".

იან კელისვე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. 

"რა თქმა უნდა, საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ვფიქრობ, ბევრი შეკითხვა აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც. უპირველესად, ჩვენ უნდა მივიღოთ 100 პროცენტიანი დადასტურება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ახმედ ჩატაევია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს შეკითხვები და მზად ვართ დაგეხმაროთ მათ გარკვევაში. ეს იყო ქართული მხარის ოპერაცია, მაგრამ საგამოძიებო პროცესში ჩართული არიან ჩვენი ექსპერტები გამოძიების ფედერალური ბიუროდან,“ - განაცხადა იან კელიმ რუსთავი 2-ის ცნობით. 

კომენტარები