საკონსტიტუციო სასამართლო

გოცირიძე: ჩემი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებ ამ საპატიო მოვალეობის შესრულებას

ევა გოცირიძე
რუსთავი 2

დღეიდან, პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის განხილვა იწყება. ქართულმა ოცნებამ ის ოფიციალურად დაასახელა.

"როგორც კი შეთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ეს ძალიან საპატიო თანამდებობა არის და ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მე გამაჩნია, შევძლებ ამ ძალიან საპატიო მოვალეობის შესრულებას, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული“ - ამბობს თავად ევა გოცირიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

ევა გოცირიძემ დღეს მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებული ინიციატივაც განმარტა და აღნიშნა, რომ მისი მცდელობა ჟურნალისტებისთვის ვალდებულებების შეხსენება იყო.

"ეს არ შეეხებოდა მედიის შეზღუდვას. ეს შეეხებოდა ჟურნალისტებისათვის იმის შეხსენებას, რომ ისინი არიან ვალდებულნი, გაითვალისწინონ ის მოვალეობები და პასუხისმგებლობწი, რომელიც ეკისრება ყველას, ვინც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს და განსაკუთრებით ჟურნალისტებს. სულ სხვა არის მედიის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, მედია არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ ის თვითკონტროლი, რომელიც უნდა განახორციელონ ჟურნალისტებმა თავიანთი სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.

ევა გოცირიძე 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. ის, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ევრომოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი სამკაციანი სია ჩავარდა. ევა გოცირიძის შეფასებით, "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ".

ევა გოცირიძე არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

კომენტარები