ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: სახელმწიფომ დავა მაქსიმალურად მის სასიკეთოდ დაასრულა

ტაბულა

"საქმე წააგო სახელმწიფომ?" - ტაბულას ამ კითხვაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობს, რომ "სახელმწიფომ დავა მაქსიმალურად მის სასიკეთოდ დაასრულა". აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლი დაირღვა, რაც მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი, "ვანო მერაბიშვილის დაკავება ცნობილ იქნა კანონიერად, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ცნობილი იქნა კანონიერად და უარყოფილი იქნა ვანო მერაბიშვილის მრავალთვიანი და მრავალწლიანი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის პოლიტიკური მოტივით იყო პატიმრობაში. დიდმა პალატამ ერთხმად თქვა, რომ ეს დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი და თქვა ასევე ის, რომ პოლიტიკური ელფერი სახეზე არ ყოფილა".

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. საქმე ეხებოდა ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას და წინასწარ პატიმრობას, მისი საჩივრის მიხედვით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ აღკვეთის უკან პოლიტიკური მიზნები იყო. 

მერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა. 

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი ციხეში დატოვების საფუძველი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი ზეპირი მოსმენით 8 მარტს განიხილა. იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები