თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ძალაში შევა

Getty Images

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგელბში დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ციენ ქემინგმა შეხვედრა გამართეს.

ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. მათ სიას საქართველოც დაემატა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 

ჩინეთს საქართველოსთვის ტარიფების განულებისთვის არ დაუწესებია გარდამავალი პერიოდი, რაც ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 5-10 წლამდე გრძელდება.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ჯამში ამ ბაზრების მოცულობა 2 მილიარდ მომხმარებელს შეადგენს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მთავრობა ანალოგიური შეთანხმების ინდოეთთან გაფორმებაზე მუშაობს.

კომენტარები