სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სესიაშვილი ოპონენტების კრიტიკაზე: არ ფიქრობენ იმაზე, რა ავირიდეთ თავიდან

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს. სესიაშვილი ამბობს, რომ საუბრისგან თავის შეკავებას გამოძიების დასრულებამდე აპირებს. 

"მე შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან მაღალპროფესიონალური ოპერატიული საქმიანობა, რომ არა ჩვენი სპეცრაზმელების მართლაც მოთმინებით, ძალიან სწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია, შეიძლება ვითარება სხვაგვარად განვითარებულიყო,"- ამბობს სესიაშვილი ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუსას.

დეპუტატი საუბრობს ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკაზეც და ამბობს, რომ ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხე აიცილა თავიდან ქვეყანამ.

"მე კიდევ ერთხელ მინდა, უბრალოდ, საზოგადოებას ავუხსნა, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ უკვე დამდგარ მოვლენას და ზოგიერთი ჩასაფრებული პოლიტიკური ჯგუფი თუ ადამიანები ცდილობენ, რომ კრიტიკული განწყობით შეაფასონ ვითარება, თუმცა არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ავირიდეთ თავიდან და რა ძალიან სერიოზული საფრთხე შეიძლებოდა დამდგარიყო,"- განაცხადა სესიაშვილმა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". აქამდე უცნობია მოკლულების ვინაობა. რაც შეეხება დაკავებულს, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. 

უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის მებრძოლი, აშშ-ის მიერ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს, რასაც საგამოძიებო უწყებები არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. გუშინ კი, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ "არის ეჭვი, რომ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა".

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, სენახეთ აქ.

კომენტარები