ამინდის პროგნოზი

სააგენტო: ზამთარში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე თბილი ან ნორმის ფარგლებში იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე, 80%-იანი ალბათობით, ზამთრის პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის (SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF) ფორუმებზე მონაწილე ევროპელმა ექსპერტებმა დაასკვნეს.

"საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში - ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო და აღნიშნავს, რომ ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში კი, -5.5 გრადუსს შეადგენს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რისო პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

ერთი თვის წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წელს, საქართველოში ტემპერატურა მინუს 20, ხოლო ევროპაში - მინუს 30 გრადუსამდე დაეცემა. ეს გარემოს დაცვის სამინისტრომ უარყო და განაცხადამ რომ "ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად".

კომენტარები