ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე, ოქტომბერში ზრდა 5.7% გვქონდა

ტაბულა

"კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 % შეადგინა",- მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკკაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 10 თვეში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ ზრდას 0.9%-ით აღემატება. პრემიერმინისტრის განცხადებით ეს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდაა.

2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში:

  • იანვარი - 5.2%
  • თებერვალი - 4.4%
  • მარტი - 5.3%
  • აპრილი - 2.1%
  • მაისი - 5.3%
  • ივნისი - 4.6%
  • ივლისი - 3.8%
  • აგვისტო - 4.3%
  • სექტემბერი - 5%
  • ოქტომბერი - 5.7%

ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 29%-ით გაზრდილმა ექსპორტმა და კომერციული ორგანიზაციების 17%-ით გაზრდილმა ბრუნვამ. ოქტომბერში კერძო სექტორის ბრუნვამ ჯამში 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

IMF-მა ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. წელს ფონდი საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი ის 4.3%-ის დონეზეა, 2018 წლის განახლებული პროგნოზი კი 4.2%-ია, რაც ფონდის წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები