მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

სასამართლო: მარიხუანას მოხმარება პიროვნების პირადი ავტონომიით დაცული სფეროა

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას დღეს მხარი დაუჭირა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს". 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

დავის საგანი სწორედ კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი იყო. კერძოდ, სიტყვების  „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სარჩელი გივი შანიძემ შეიტანა, მას სამართლებრივ დახმარებას პარტია გირჩი უწევდა.

აღსანიშნავია, რომ 70 გრამზე მეტი მარიხუანას ფლობა სასჯელის სახით კვლავ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები